Sunday, January 19, 2014

კარატე 空手


იაპონიიდან, ჩინეთიდან და კორეიდან ძალიან ბევრი ლტოლვილი ეძებდა რიუკიუს კუნძულებზე ხსნას პოლიტიკური დევნისაგან. XII საუკუნეში, როდესაც მინამოტოს ჯარებთან, უკანასკნელ ბრძოლაში დარბეული ტაირის სამურაების რაზმები უწესრიგოდ მიდიოდნენ სამხრეთისაკენ, ბევრი გადავიდა ოკინავაზე და გააცნო ადგილობრივ მცხოვრებთ სამხედრო ხელოვნება. რიუკიუს პირველი მეფე შიუნტენი (XIII ს.) დიდ ყურადღებს აქცევდა სამხედრო საქმეს. მის დროს აქტიურად შენდებოდა კოშკები და სიმაგრეები, იზრდებოდა მამულები, მიმდინარეობდა ჯარისკაცთა სწავლება. ოკინავას მოსახლეობა, რომელსაც ეთნიკურად იაპონელებისაკენ ჰქონდა მიდრეკილება და იაპონური ენის რიუკიუს კილოკავზე ლაპარაკობდა, მრავალი საუკუნის განმავლობაში იცავდა თავისი პატარა სახელმწიფოს დამოუკიდებლობას, მაგრამ 1372 წელს რიუკიუს მეფე საცუდომ აღიარა ჩინეთის ქვეშემდოვრობა და მასზე დამოკიდებულება. მინის იმპერატორმა ოკინავაზე გააგზავნა მისი სრულუფლებიანი წარმომადგენელი დიდი ამალით. დროთა განმავლობაში სამოქალაქო წარმომადგენელი შეიცვალა სამხედროთი.
1372 წლის აქტის ხელმოწერისთანავე, კუნძულის დედაქალაქ ნახუში ჩამოვიდა ჩინელ კოლონისტთა საგანგებო მისია, რომელსაც დავალებული ჰქონდა ადგილობრივ მცხოვრებლებში გაევრცელებინა სხვადასხვა ხელობათა ცოდნა. 1392 წლიდან ჩინეთის კოლონია დაფუძნდა ნახის გარეუბანში კუმემურაში, შემდეგ კი ქალაქებში შიურიში და ტომარიში. თუმცა ჩინეთის სათვისტომო განცალკევებით ცხოვრობდა, სწორედ იქიდან გამოჟონა ხალხში ცნობებმა კემპოს შესახებ. თანამედროვე კარატეს ტერმინთა უმეტესობა ძველი ჩინურისგან წარმოდგება. რა თქმა უნდა, ჩინეთის დამსახურება კემპოს დანერგვაში არ უნდა გადავაჭარბოთ, რადგან XIV საუკუნიდან ოკინავას კარატე ვითარდებოდა თავისი გზით და შექმნა მრავალი ახალი, თავისებური ფორმა, სტილი, მიმართულება. სამწუხაროდ, XVIII საუკუნემდე წერილობით წყაროებში არ შემორჩენილა ცნობები ოკინავას კარატეს შესახებ. ცნობილია მხოლოდ, რომ ის არსებობდა.

No comments:

Post a Comment