Sunday, February 2, 2014

ხრიდოლი

ხრიდოლი დღეს წარმოადგენს ქართული საბრძოლო ხელოვნების ერთ-ერთ სახეობას. ამ სახელწოდების საბრძოლო ხელოვნება ძველ საქართველოში არ არსებობდა. იოსებ გრიშაშვილის გადმოცემით ხრიდოლი იყო, შერკინების წესი, ერთგვარი დუელი, სადაც გამომწვევი თავს იყენებდა დაჩაგრულ მდგომარეობაში და ცალი ხელით ებრძოდა ორი ხელით მოქმედ მეტოქეს.
ხრიდოლში გამომწვევი გამორჩეულ მებრძოლს წარმოადენდა. ამ წესით ბრძოლა, ერთგვარი ოსატოტბის დონის მაჩვენებელიც იყო, რადგან “ხრიდოლის” წესით მებრძოლს უნდა დაემარცხებინა უპირატეს მდგომარეობაში მყოფი მეტოქე და დამარცხების შემთხვევაშიც კი არ დაერღვია ხრიდოლის წესები. ხრიდოლის ბრძოლის წესში ასახულია ქართველობის ისტორია. საუკუნეების განმავლობაში მუდმივად უპირატეს მდგომარეობაში მყოფ მტერთან გვიწევდა ბრძოლა. ნაალაფარით ნაშოვნი სიმდიდრით, ლაშქრის სიმრავლით, უკეთესი შეიარაღებით ცდილობდნენ მსოფლიოს უდიდესი იმპერიები ჩვენს გატეხვას, მაგრამ მაინც ვერავინ აიძულა ქართველი გაჰქცეოდა განსაცდელს, სხვისთვის დაეტოვებინა ღვთისგან ნაბოძები მიწაწყალი. უპირატეს მდგომარეობაში მყოფი მტრის დამარცხება, ღირსების საქმედ ექცა ქართველს. ხრიდოლის ბრძოლის წესის შინაარსიდან გამომდინარე, 1997 წელს, ქართული საბრძოლო სისტემის აღდგენისას, ქართული საბრძოლო ხელოვნების ფედერაცია ხრიდოლის ერთერთმა ჯგუფმა (იბეირლეი მგლები), “ხრიდოლი” გამოიყენა ქართული საბრძოლო სისტემის კრებით სახელწოდებად. ამ სახელის ქვეშ გაერთიანდა ქართული საბრძოლო ხელოვნების ოთხი უძველესი სახეობა: ჭიდაობა, რკენა, კრივი და ფარიკაობა. სისტემის აღდგენისას, მთავარ საფუძვლად გამოყენებული იქნა ქართული ჭიდაობა. “ქართული ჭიდაობისა” და ეთნოგრაფიულად მოძიებული მასალების საფუძველზე, თავდაპირველად აღდგენილი იქნა ქართული ჭიდაობის უძველესი სახეობა “რკენა”. “რკენას” ქართული ჭიდაობისგან განასხვავებს იმ ტიპის ფანდები, რომლებითაც შეტევა ხორციელდება ქვედა კიდურებზე. რკენაში აგრეთვე დასაშვებია მტკივნეული და მახრჩობელა ილეთები. შერკინება გრძელდება ჩოქბჯენშიც. იმის გამო რომ ყველაზე მეტი ლიტერატურული და ეთნოგრაფიული მასალა, ჭდაობის ამ სახეობაზე, ხევსურეთის შესახებ არსებულ წყაროებში იქნა აღმოჩენილი, “რკენის” მეორე სახელწოდებად, ხრიდოლის ფედერაციაში, ხევსურული ჭიდაობა იხმარება. “რკენის” შემდეგ, მის საფუძველზე, აღდგენილი იქნა ქართული კრივი. “რკენას” დაემატა დარტყმითი ტექნიკა ხელით და ფეხით. “რკენაში” და “კრივში” ფანდების 90%-ს წარმოადგენს ქართული ილეთები, მაგრამ ხრიდოლის ფედერაციამ აღნიშნულ სახეობებში შემოიტანა, საბრძოლო ხელოვნების საერთაშორისო სახეობებში არსებული ილეთები, რომლებიც არ ეწინააღმდეგება “რკენაში” და “კრივში” არსებულ საასპარეზო წესებს. ხრიდოლის საბრძოლო სისტემაში, მეოთხე სახეობად, ჩართული იქნა “ხევსურული ფარიკაობა”. “ქართული ჭიდაობის” მსგავსად, ხრიდოლის ფედერაციას არ დასჭირვებია ფარიკაობის ამ სისტემის აღდგენა, რადგან ისიც ცოცხლად იყო შემონახული ხევსურთა ყოფაში. მოხდა მხოლოდ საასპარეზო წესების შემუშავება.

No comments:

Post a Comment